საკმარისია „დაგუგლო“ სოლარიუმი ქართულად, მაშინვე თქვენს თვალწინ გადაიშლება ვებ–გვერდების მრავალფეროვანი ჩამონათვალი მიმზიდველი ფასდაკლებებით , თუ როგორ გაირუჯებით „უსაფრთხოდ“ სულ რამდენიმე ლარად. ერთი ძალიან ცნობილი კლინიკის ვებ–გვერდზე კი ამგვარი გარუჯვის დადებითი მხარეების მთელი ჩამონათვალიც გვხვდება. მხოლოდ ერთი სამედიცინო-საინფორმაციო ვებ–გვერდი აფრთხილებს მომხმარებელს სოლარიუმის საშიშროებაზე, მაგრამ ეს ინფორმაციაც ზედაპირულია და სოლარიუმში გარუჯვის მსურველებს არანაირ დისკომფორტს არ უქმნის. სოლარიუმი რომ საშიშიშია და კანის კიბოს იწვევს, ეს უკვე სხვადასვა სახელმწიფოების კანონმდებლობაშიც აისახა, მაგალითად: ბრაზილიაში და ავსტრალიაში საერთოდ აიკრძალა სოლარიუმის გამოყენება. კალიფორნიის შტატი ერთ–ერთი პირველი იყო სადაც აიკრძალა 18 წლამდე მოზარდებში სალარიუმის გამოყენება.
2012 წლის ივლისში, ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალში (British Medical Journal) გამოქვეყნდა სტატია, რომლის მიხედვითაც ევროპის ქვეყნებში წელიწადში 800 ადამიანის სიკვდილი გამოწვეულია სოლარიუმით, ხოლო ისინი ვინც სოლარიუმში ირუჯებიან, კანის კიბოს განვითარების 20% –იანი რისკი აქვთ.
ევროპის 18 ქვეყანაში 64 000 მელანომის დიაგნოზიდან, 3438 გამოწვეულია სოლარიუმით ანუ 5,4%. ლიონის საერთაშორისო პრევენციის კვლევითმა ინსტიტუტმა და მილანის ონკოლოგიის ინსტიტუტმა 27 კვლევის საფუძველზე დადგინეს, რომ კანის კიბოს განვითარების 20%–იანი რისკი აქვთ მათ, ვინც ერთხელ მაინც გაირუჯა სოლარიუმში, ხოლო ეს მაჩვენებელი ორმაგდება მათთვის, ვინც 35 წლამდე გამოიყენა გარუჯვის ეს მეთოდი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდბს სახელმწიფოებს დააწესონ სოლარიუმის გამოყენების მკაცრი შეზღუდვები არასრულწლოვნებისთვის.
ვიმედოვნებთ, საქართველოს საკანონმდებლო ორგანო შეიმუშავებს მკაცრ რეგულაციებს სოლარიუმის გამოყენების მიმართულებით, უკეთესი იქნება თუ საერთოდ აიკრძალება მათი გამოყენება. მანამდე კი მათ, ვისაც სოლარიუმში გარუჯვა აქვს გადაწყვეტილი, კიდევ ერთხელ შევახსენებთ: „ფრთხილად, საშიშია!“
სასარგებლო ბმული:
კიბოს კვლევის ცენტრის საინფორმაციო კლიპი: http://youtu.be/KfQhUVicSxM
